ალტერნატიული ბანკი – ალტერნატივა ფულის შინაარსიანად გამოყენებისთვის

საქართველოში ყველაფერი ალტერნატიული (მაგალითად მუსიკა, ხელოვნება, მედიცინა, ენერგია) ნელ–ნელა იკიდებს ფეხს. ალტერნატიული ბანკები კი, მიუხედავად მათი საერთაშორისო აღმავლობისა საქართველოში ჯერ კიდევ უცნობია. ეს საფინანსო ინსტიტუტები იმითაც არიან საყურადღებო, რომ ბოლო წლებში მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა ისინი ყველაზე ნაკლებად დააზარალა და უფრო მეტიც, ინტერესი მათ მიმართ ერთიორად გაიზარდა.

ზოგადად საბანკო სისტემის ფუნქციონირების პრინციპი მეტნაკლებად ყველასათვის ცნობილია – ბანკი ანაბრების სახით ადამიანებისაგან იღებს ფულს და მას სხვებზე სესხის სახით გასცემს. მეანაბრეების გასამრჯელო სარგებელია. მსესხებლები კი თავის მხრივ სარგებელს უხდიან ბანკს – იმაზე მეტს, ვიდრე მეანაბრეები იღებენ. ეს სხვაობა ბანკის მოგებას შეადგენს. როგორც წესი, ბანკი დაინტერესებულია, რაც შეიძლება მეტი სარგებლით გასცეს სესხი, ძვირად გაყიდოს ფასიანი ქაღალდები და მაქსიმალური მოგება მიიღოს. მეანაბრეებმა არ იციან ვისზე გაიცემა მათი ფული და არც ის, თუ რაში გამოიყენება ის. ეს ბანკისთვისაც სულერთია, სანამ მისი შემოსავლები მაღალი და გარანტირებულია.

კერძო მეანაბრეებს დიდი ძალა აქვთ – მათი დანაზოგის გარეშე დღევანდელი ფინანსური სისტემის არსებობა ძნელად წარმოსადგენია. სწორედ მათი ბანკში ანაბრების სახით შეტანილი ფულით არის შესაძლებელი სესხების გაცემა. კრედიტად აღებული თანხით ახორციელებენ ფირმები, თუ კერძო პირები დიდ პროექტებს. რომ არა მოქალაქეების ანაბრები, ეკონომიკა იმ სახით, რა სახითაც დღეს არსებობს, არ იარსებებდა. ასე რომ, მეანაბრეებს აქვთ უფლება, იცოდნენ და თავად გადაწყვიტონ, რას მოხმარდება მათი ფული.

ალტერნატიული, თუ ეგრედწოდებული ეთიკური ბანკები იმით გამოირჩევიან, რომ მათთვის სულაც არ არის სულერთი ვინ იღებს მათგან ფულს და რას აკეთებს მისით. ალტერნატიული ბანკები კრედიტის გაცემისას ეკოლოგიურ, სოციალურ და სხვა მსგავს ეთიკურ კრიტერიუმებს ითვალისწინებენ. სესხი მხოლოდ ისეთ ფირმებს, თუ კერძო პირებს ეძლევათ, რომლებიც თავისი საქმიანობით ბანკის ეთიკურ კონცეფციასთან შესაბამისობაში მოდიან. მაგალითად, ფულს განახლებადი ენერგიის წყაროების დანერგვაში, ბიოლოგიურად სუფთა მეურნეობაში და ა.შ აბანდებენ.

ამგვარად, მეანაბრემ იცის, რომ მისი ფულის ინვესტირება ეთიკური კრიტერიუმების შესაბამისად, საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეში ხდება. ხშირად მეანაბრეს კონკრეტული კრიტერიუმის განსაზღვრაც კი შეუძლია (მაგ. ბიო–მეურნეობა, გარემოს დაცვა ა.შ). იმდენდ, რამდენადაც ასეთი ბანკები მაქსიმალურ მოგებაზე არ არიან ორიენტირებულები, მათთან სესხების საპროცენტო განაკვეთებიც შედარებით დაბალია. ხშირად მეანაბრეები ამათუიმ ეთიკური პროექტის (სესხის) სასარგებლოდ უარსაც კი ამბობენ სარგებელზე.

ალტერნატიული ბანკების მუშაობა გამჭვირვალე და ღიაა, ისინი ხშირ შემთხვევაში გაცემულ კრედიტებს აქვეყნებენ. ამგვარად, მათმა მომხმარებელმა ზუსტად იცის, სად დაბანდდა მისი ფული.

ალტერნატიული ბანკების მთავარი ორიენტირი მდგრადი განვითარება და საზოგადოებრივი სარგებელია.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამგვარი საფინანსო ინსტიტუტები, თანამედროვე მსოფლიოში და განაკუთრებით ევროპაში დიდ აღმავლობას განიცდიან. საქართველოში პირველი პრეტცენდენტი EthicCapital- ის სახით განვითარების ფაზაშია. ვფიქრობთ, ის ღირებულებები, რასაც ალტერნატიული ბანკების საქმიანობა ეფუძნება საქართველოს რეალობისათვისაც აქტუალური და მნიშვნელოვანია, რამაც EthicCapital- ის სამომავლო მოღვაწეობაზეც უნდა ჰპოვეოს ასახვა.


''ალტერნატიული ბანკი – ალტერნატივა ფულის შინაარსიანად გამოყენებისთვის"


Besucherzähler Für Myspace

© EthicCapital 2016